მედიცინის დოქტორი და რეპროდუქტოლოგი გიორგი კავკასიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ კრიტიკულად აფასებს. სპეციალისტის თქმით, მთავრობამ ამ სფეროს აკრძალვის ნაცვლად, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა უნდა უზრუნველყოს.

კავკასიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, არ აქვთ სრულყოფილი წარმოდგენა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, მთავრობას რომ ბავშვების ბედი ადარდებდეს, განსახილველად 2023 წელს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოიტანდა.

შეგახსენებთ, რომ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს 2023 წლის 14 ივნისს წარუდგინა. დოკუმენტი ითვალისწინებდა სფეროს მკაცრ რეგულირებას, მათ შორის კლინიკების ხარისხის კონტროლს, ეროვნული რეესტრის შექმნასა და სუროგაციის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას.


კანონპროექტი ასევე გულისხმობდა სუროგაციისა და დონაციის უანგარო პრინციპით განხორციელებას, სადაც სუროგატი დედისთვის მხოლოდ პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება იქნებოდა დასაშვები. თუმცა, ინიციატივას დარგის სპეციალისტების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. რეპროდუქტოლოგები აცხადებდნენ, რომ უცხოელი პაციენტებისთვის მომსახურების შეზღუდვა დარგს დააზარალებდა და პრობლემების პრევენცია აკრძალვის გარეშეც შესაძლებელი იყო.

პარლამენტში კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო, ხოლო 2024 წლის სექტემბერში პროცესი ოფიციალურად შეჩერდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება სუროგაციის სრულად აკრძალვას გეგმავს და შესაბამის კანონპროექტს დააინიცირებს.