რეჟისორი და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა. მას „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
საპატიმროს დატოვების შემდეგ ოკმელაშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ცხოვრებისეული პოზიცია უცვლელია. „როგორც ვიყავი ზუსტად ისე, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბევრი წიგნი წავიკითხე და ბევრი ვიფიქრე“, — განაცხადა მან.
ოკმელაშვილმა ციხეში გატარებულ პერიოდს „უხერხული“ უწოდა და დასძინა, რომ ამ დროისთვის გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია. მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პირებს, რომლებიც აქციებთან დაკავშირებით კვლავ პატიმრობაში რჩებიან: „რთულია, გამძლეობა მინდა ვუსურვო და მალე თავისუფლება. თავისუფლების ფასი არ არის არაფერი“.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალების აქტი 232 პირს შეეხო. მათ შორის, გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა. ასევე საპატიმროდან გათავისუფლდნენ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.






დისკუსია
0 კომენტარი