საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად 232 პირი შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომლებიც პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით იყვნენ დაკავებულნი.
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი სამართალდამცველებმა 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ ბრალს სდებდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებაში. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაზარალებული პირი არ ფიგურირებდა, თუმცა 2025 წლის 8 აგვისტოს სასამართლომ ორივე პირს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის სხვა აქტივისტებიც არიან. მათ შორის არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გიორგი ოკმელაშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია უკვე თავისუფლები არიან.






დისკუსია
0 კომენტარი