„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი 2012 წლის პოლიტიკურ პროცესებსა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმატების მიზეზებს იხსენებს. გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ სტუმრობისას მეგრელიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარდამტეხ მომენტს, როდესაც საზოგადოებაში პროტესტთან ერთად, რეალური იმედი გაჩნდა.

ბერა ივანიშვილის ფაქტორი

მეგრელიშვილის თქმით, იმ პერიოდში ოპოზიციური პარტიები დისკრედიტებულნი იყვნენ და ხელისუფლება მათ ადვილად ამარცხებდა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ეს დინამიკა სრულად შეცვალა. ირაკლი მეგრელიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბერა ივანიშვილის როლზე, რომელმაც ახალგაზრდებში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

„ბერა, რომელიც ახალგაზრდა იყო, იმ პერიოდში ნანუკა ჟორჟოლიანმა ძალიან გააპიარა. მას კეთილი ბიჭის სახელი ჰქონდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

ყოფილი „ნაციონალი“ იხსენებს, რომ ბერა ივანიშვილის კონცერტები, რომლებზეც ახალგაზრდები მასთან ერთად მღეროდნენ, მძლავრი პოლიტიკური ინდიკატორი იყო. სწორედ ამ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული პროექტები და ინიციატივები საზოგადოების ამ ნაწილისთვის უკვე უძლური აღმოჩნდა.

პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინი

მეგრელიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სტრატეგია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „რუსული პროექტის“ ნარატივი იყო. თუმცა, საზოგადოების განწყობაზე ამ რიტორიკამ ვერ იმოქმედა, რადგან ივანიშვილი აღიქმებოდა არა მხოლოდ როგორც სააკაშვილის ოპონენტი, არამედ როგორც უკეთესი მომავლის გარანტი.

„მანამდე ოპოზიცია რაც იყო, იყო დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ადვილად ამარცხებდა, მაგრამ ივანიშვილი იმდენად მითოსური ფიგურა იყო, რომ მისმა მოსვლამ შექმნა განცდა, რომ ეს არა მარტო დაგვამარცხებინებს სააკაშვილს, არამედ უკეთეს მომავალს შექმნის“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მისი განცხადებით, ახალგაზრდების მასობრივი გადასვლა ივანიშვილის გუნდში იყო იმის დასტური, რომ ძველი პოლიტიკური მეთოდები აღარ მუშაობდა.