„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და ახალი სახეების შემოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის გაწევრიანება პარტიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც პოლიტიკური პროგრესის სურვილით არის განპირობებული.
ფავლენიშვილის განცხადებით, არასწორია მოსაზრება, თითქოს ახალი სახეების გამოჩენა პარტიის მოქმედი გუნდის მუშაობით უკმაყოფილებას უკავშირდებოდეს. პირიქით, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პარტიის გაძლიერების სურვილი ნებისმიერი წევრისთვის ბუნებრივია.
„ნანუკა ჟორჟოლიანს და ნებისმიერ სხვა ადამიანს, რა თქმა უნდა, უკეთესი უნდა პარტიისთვისაც და ზოგადად პროცესისთვისაც. ის, რომ მათ უკეთესის სურვილი აქვთ, არ ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ პარტიას ან მის წევრებს“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.
მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით, ფავლენიშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილებებს დელეგატები მიიღებენ. პარტიის რეფორმირების იდეები კი, რომლებსაც სხვადასხვა წევრი გვთავაზობს, სწორედ ყრილობის ფორმატში განიხილება.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესს, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა, მან საჯარო დისკუსიისგან თავი შეიკავა, რადგან კანდიდატების ვინაობა ჯერჯერობით ოფიციალურად დასახელებული არ არის.
„დიდი პარტიაა და შეიძლება ბევრი მსურველი იყოს. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება. არჩევანს აკეთებს დელეგატი, რომელიც ყრილობას დაესწრება. სწორედ მაშინ გავიგებთ, ვინ იქნება თავმჯდომარე“, — აღნიშნა მან.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტიის რიგებში ნებისმიერი პროგრესული ცვლილება მისასალმებელია და გუნდი მზადაა, მოუსმინოს განსხვავებულ ხედვებს, რომლებიც პარტიის ეფექტიანობას გაზრდის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.