ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ოფიციალურად გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირების შესახებ. გადაწყვეტილება, როგორც თეირანში აცხადებენ, აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს უკავშირდება.
შეზღუდვა ეხება ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტს, მათ შორის სავაჭრო გემებსა და ნავთობტანკერებს. ირანული მხარის გაფრთხილება მკაცრია: ნებისმიერი ხომალდი, რომელიც სრუტის გავლის მცდელობას განახორციელებს, ავტომატურად იქცევა სამხედრო სამიზნედ.
ირანის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალმა, საიედ ჰოსეინ მუსავი ეფთეხარმა განაცხადა, რომ თეირანი მზადაა რეგიონი „ჯოჯოხეთად აქციოს“, თუ აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებას საფრთხის შემცველს გახდის.
ვითარება ჰორმუზის სრუტეში უკიდურესად დაძაბულია. ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სრუტეში აშშ-სა და ირანის ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც თითქოს ორი ხომალდი დაზიანდა. თუმცა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ამ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მათი სამხედრო ხომალდები არ დაზიანებულან.
ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია განსხვავებულია: პენტაგონის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სრუტე კვლავ ღიაა და სავაჭრო გემები მოძრაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობმომარაგების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული არტერიაა. მისი ნებისმიერი სახით ჩაკეტვა გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს, რაც პირდაპირ აისახება ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.