ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილმა მრჩეველმა, არიელ ბულშტეინმა გამოცემა Israel Hayom-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ირანთან დაკავშირებული ორგანიზაციების არსებობაზე საუბრობს. ავტორი ეყრდნობა ამერიკული კვლევითი ცენტრის, Hudson Institute-ის მიერ მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშს.

სტატიის სათაურია „ირანის ჩრდილოვანი ქსელი ფესვებს იდგამს ისრაელელების საყვარელ დასასვენებელ ადგილას“. ავტორის მტკიცებით, თეირანი თავის გავლენას საქართველოში რელიგიური, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოყენებით აფართოებს. აღნიშნული სტრუქტურები, ძირითადად, აზერბაიჯანულ თემთან მუშაობენ.

ბულშტეინი ყურადღებას ამახვილებს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ლუკ კოფის შეფასებებზე. კოფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას სავარაუდო პროირანული ქსელების წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ ქსელების დემონტაჟი აუცილებელია როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესების დასაცავად.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქართული პასპორტი დასავლეთის ქვეყნებში უფრო ფართო წვდომას უზრუნველყოფს, ვიდრე ირანის ან ლიბანის მოქალაქეების დოკუმენტები. ავტორის აზრით, ეს გარემოება ქართველ მოქალაქეებს ირანული სტრუქტურებისთვის პოტენციურად მიმზიდველს ხდის გადაბირების თვალსაზრისით.

მაგალითად მოყვანილია პოლად ომაროვის საქმე, რომელიც აშშ-ში ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადების ბრალდებით გაასამართლეს. ასევე ნახსენებია საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაპატიმრება, რომელსაც ამერიკული სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში „საქართველოს შემობრუნება ირანისკენ“ მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანაავტორი ქართველი ოპოზიციონერი გიორგი კანდელაკია. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ირანული გავლენა საქართველოში სისტემური გახდა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ სფეროებს მოიცავს.

საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ანგარიშის დასკვნებს და მას პოლიტიკურ კამპანიად აფასებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით. გამოიკითხნენ გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე.

სუს-ის განცხადებით, უწყება სწავლობს ბრალდებებს შესაძლო გადაბირებისა და ტერორიზმთან კავშირის შესახებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საჯარო გამომსვლელებს სამართალდამცავებისთვის კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ამ დროისთვის საქმეზე დაკავებული არავინ არის.