აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტომ (DIA) ისრაელის მხრიდან მომდინარე ჯაშუშური საფრთხის დონე „მაღალიდან“ „კრიტიკულამდე“ გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია, კერძოდ NBC News და The New York Times ავრცელებენ. გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბოლო კვირების განმავლობაში მიიღო.
სადაზვერვო უწყების შეფასებით, ისრაელის სპეცსამსახურები აგრესიულ ტაქტიკას მიმართავენ. მათი მთავარი სამიზნე ამერიკელი მაღალჩინოსნები არიან. მიზანი ირანთან მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებით თეთრ სახლში მიმდინარე შიდა დისკუსიების გაშიფვრაა.
ვინ არის სამიზნეში?
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სადაზვერვო აქტივობები მიმართულია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინააღმდეგ. უიტკოფს გადამწყვეტი როლი ჰქონდა ბირთვულ მოლაპარაკებებში, რომლებიც თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმას უძღოდა წინ.
ამასთან, თვალთვალის ქვეშ მოექცნენ პენტაგონის მაღალი რანგის ოფიციალური პირებიც, მათ შორის ელბრიჯ კოლბი და მისი მოადგილე მაიკლ დიმინო IV. წყაროების ცნობით, მსგავსი მასშტაბის თვალთვალი მოკავშირე ქვეყნის მხრიდან უპრეცედენტოა.
დაძაბული ურთიერთობა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის პოლიტიკური უთანხმოება აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ 8 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, ნეთანიაჰუ საომარი მოქმედებების განახლებას მოითხოვს. ტრამპი კი, შიდაპოლიტიკური წნეხის ფონზე, ომის დასრულების გზებს ეძებს.
ინტენსიური ჯაშუშური აქტივობები ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოდან შეიმჩნევა, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო ისრაელზე ზეწოლა გაზარდა. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამძაფრდა.
წარსული ინციდენტები
ამერიკული მედია იხსენებს, რომ ისრაელს აშშ-ის წინააღმდეგ ჯაშუშური ოპერაციები წარსულშიც ჩაუტარებია. მაგალითად, 2021 წელს ისრაელის სამხედრო დაზვერვა DIA-ს შტაბ-ბინაში მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟებას ცდილობდა. 2025 წელს კი, ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა („შაბაკი“) საიდუმლო სამსახურის ავტომობილში მსგავსი ტექნიკის განთავსება სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნული ცნობები „მცდარად“ შეაფასა, სიტუაცია კითხვის ნიშნებს აჩენს ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო და სადაზვერვო კოორდინაციის სანდოობაზე. ვაშინგტონი ისრაელს წლებია მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, თუმცა ახალი თავდაცვითი კანონპროექტი კვლევისა და განვითარების სფეროში ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტო ინტეგრაციას ითვალისწინებს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.