პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „ღია ეთერში“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ახერხებს სახელმწიფოს წინსვლას, მიუხედავად ოპონენტების მხრიდან არსებული წინააღმდეგობისა.
წულუკიანმა ოპოზიცია „დაქსაქსულობაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათთვის პოლიტიკური პროცესები პირად და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის ზღვარს შლის. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციაა.
„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პრემიერის და ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა ის, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის. ეს ფაქტი, როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებში უკმაყოფილებას იწვევს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის სავარაუდო გეგმებზეც. წულუკიანის მტკიცებით, ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ ე.წ. „იდეაფიქსი“, რომელიც არეულობას, დაუმორჩილებლობას და რევოლუციურ სცენარებს უკავშირდება.
„მათი მიზანია არეულობა, იარაღი და სისხლი, რათა ამ გზით შეცვალონ ხელისუფლება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მსგავსი არალეგიტიმური მეთოდებით ხელისუფლებიდან არ გავიწევით“, – აღნიშნა მან.
წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ლეგიტიმური გზით უნდა მოხდეს და მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციებს მყარად იცავს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.