პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას მკაცრი შეფასება გააკეთა. მისი განცხადებით, ბრიუსელი საქართველოს მიღწევებს სათანადოდ არ აფასებს, რადგან ქვეყანამ დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის არჩევა გადაწყვიტა.

წულუკიანის თქმით, ევროკომისიის საკუთარი დოკუმენტებიც ადასტურებს, რომ საქართველო რეფორმების ტემპით მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს. თუმცა, ამ პროგრესის აღიარება ბოლო პერიოდში ხელოვნურად ფერხდება.

„ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი. ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აგრძელებს ქვეყნის განვითარებას და რეფორმების იმ გზას, რომელიც სახელმწიფოს წინსვლას უზრუნველყოფს.

პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ წინა წლებთან შედარებით, დღეს ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს პროგრესის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. წულუკიანის შეფასებით, ეს ცვლილება სწორედ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პრინციპებსა და ეროვნულ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ორმაგ სტანდარტებზე და აცხადებენ, რომ ქვეყანა ყველა ტექნიკურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო.