პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის შეიძლება დატოვოს მან თანამდებობა, ირონიით უპასუხა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით „მარიონეტული“ პროგნოზები არასერიოზულია.

„ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, „ქართულ ოცნებაში“ საკადრო გადაწყვეტილებები გუნდური კონსულტაციების საფუძველზე მიიღება. მან გაიხსენა გიორგი გახარიას გადადგომის შემთხვევაც და აღნიშნა, რომ ეს გამონაკლისი იყო, რომელიც კონკრეტულ გარემოებებს უკავშირდებოდა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი კითხვები მისთვის მოსაბეზრებელია, თუმცა მათზე პასუხის გაცემისთვის მზადყოფნას კვლავ გამოთქვამს. მისი თქმით, ჟურნალისტები უკვე წლებია, ერთი და იმავე შინაარსის კითხვებს სვამენ, რაც, მისივე შეფასებით, არასერიოზულად გამოიყურება.

საუბრისას კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის როლზეც გაამახვილა ყურადღება. მან განმარტა, თუ რატომ არის პარტიის დამფუძნებლის აზრი გადამწყვეტი გუნდისთვის.

„ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ. რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება“, - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, 2012 წლის მოვლენებმა გუნდში გაამყარა რწმენა, რომ ივანიშვილს პოლიტიკური პროცესების დაგეგმვის განსაკუთრებული უნარი გააჩნია.