საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე დაპირისპირებასა და საარჩევნო პროცესებს ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩის პოზიცია არჩევნების შედეგებში არ აისახა.

კობახიძის განცხადებით, მადლობა ღმერთს, რომ „ჰერჩინსკის სურვილი“ არ ახდა და ოპოზიციამ არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა. პრემიერის შეფასებით, ოპოზიციური ძალების მმართველობის პირობებში ქვეყანა 2004-2012 წლების მდგომარეობაზე ბევრად მძიმე კრიზისში აღმოჩნდებოდა.

„ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ჰყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო“, — აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, არაერთმა საერთაშორისო აქტორმა თავი შეიკავა საქართველოსთვის არჩევნების წარმატებით ჩატარების მილოცვისგან. მისი თქმით, ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რომ დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებაში ოპოზიციური ძალების ხილვას ისურვებდნენ.

„ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც კი ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წარმოდგენაც კი არ მინდა სადამდე მიიყვანდნენ ისინი ქვეყანას“, — დასძინა მთავრობის მეთაურმა.

კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის მმართველობა ქვეყნისთვის უბედურების მომტანი იქნებოდა და მან აღნიშნა, რომ ასეთი სცენარის თეორიულად განხილვაც კი არ სურს.