საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ერთი და იმავე პირებისგან იმართებიან. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება მათი პოლიტიკური აქტივობებისა და განცხადებების სინქრონიზაცია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯო უილსონი და ქართული ოპოზიციური ძალა საერთო დავალებებს იღებენ, რომლებიც, მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. კობახიძის განცხადებით, ამ პროცესების უკან დგას ძალა, რომელსაც ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებს, ხოლო აშშ-ში მას „დიფ სთეითს“ მოიხსენიებენ.
ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან ურთიერთობების საკითხზე. მისი თქმით, საქართველო და აშშ ოფიციალურად ერთად ცდილობენ ჩინეთთან კავშირების გაღრმავებას, ამ ფონზე კი კონგრესმენის მხრიდან საქართველოს კრიტიკა ალოგიკურია.
„როდესაც ჯო უილსონი, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო, ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური. ამ ალოგიკურობას ერთადერთი მიზეზი აქვს — ის იღებს დაკვეთებს, რომლებიც ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული“, — განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ დასძინა, რომ ჯო უილსონის განცხადებებს მისთვის და მისი გუნდისთვის პოლიტიკური ფასი არ გააჩნია და აღნიშნა, რომ მსგავსი რიტორიკა მომავალშიც არ მოახდენს გავლენას ქვეყნის კურსზე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.