კოსოვოში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა. ქვეყანა ბოლო 18 თვის განმავლობაში უკვე მესამედ ირჩევს პარლამენტს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პოლიტიკური კრიზისით იყო განპირობებული — პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო, რამაც საკანონმდებლო ორგანოს დაშლა გამოიწვია.
ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 120-ადგილიანი პარლამენტისთვის 17 პარტია და სამი კოალიციური გაერთიანება იბრძვის. ჯამში, საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად 900-ზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებული.
პოლიტიკური ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის პარტია კვლავ ლიდერი იქნება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში გამართულ არჩევნებში კურტის პარტიამ ხმების 51.1%-ის მიღება შეძლო. თუმცა, ამ გამარჯვებამაც ვერ გადაჭრა პოლიტიკური კვანძი.
მთავარი გამოწვევა კვლავ პრეზიდენტის არჩევაა. კოსოვოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტში ორი მესამედის უმრავლესობაა საჭირო. წინა მცდელობები სხვა პოლიტიკურ ძალებთან შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა, რამაც აპრილში პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა განაპირობა.
ალბინ კურტის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მას ოპოზიციურ პარტიებთან კომპრომისზე წასვლა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას კვლავ პოლიტიკური ჩიხი და პრეზიდენტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.