სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ირჩევენ გზას, რომელიც ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას განსაზღვრავს. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ამომრჩევლისგან მანდატს ითხოვენ, რათა გააგრძელონ დასავლეთისკენ შემობრუნების პროცესი და დისტანცირება მოახდინონ რუსეთისგან.

ხმის მიცემის შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას აგრძელებს. მისი თქმით, ევროკავშირი დემოკრატიული რეფორმების მთავარი პარტნიორია. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა „ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება“.

არჩევნები იმ ფონზე ტარდება, როდესაც რუსეთის ფედერაცია სომხურ ექსპორტზე შეზღუდვებს აწესებს, ხოლო კრემლის მაღალჩინოსნები, მათ შორის ვლადიმერ პუტინი, სომხეთის არჩეულ გზას უკრაინის სცენარს ადარებენ. ეს რიტორიკა ოფიციალური ერევნისთვის ღია მუქარად აღიქმება.

წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სამართალდამცავებმა „ძლიერი სომხეთის“ პარტიის წევრების დასაკავებლად ორდერები გასცეს და მათ ხმების მოსყიდვაში დასდეს ბრალი. მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიას მონაწილეობის უფლება მისცა.

საპარლამენტო არჩევნებში 17 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ფაშინიანის კამპანია ძირითადად აზერბაიჯანთან „ხანგრძლივ მშვიდობაზე“ აპელირებს. ოპოზიცია, რომელიც პრორუსული განწყობებით გამოირჩევა, პრემიერს „კაპიტულაციასა“ და რუსეთთან კავშირების გაწყვეტის გამო მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფაში ადანაშაულებს.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მთავარი საკითხი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაა. პოსტსაბჭოთა უსაფრთხოების სისტემის რღვევის შემდეგ, სომხეთი ეძებს გზას, როგორ დაიცვას თავი და დაამყაროს სტაბილური ურთიერთობა მეზობლებთან, ევროპასთან და აშშ-სთან.