საქართველოში ახალი ორგანიზაცია — „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. რუსული სახელმწიფო მედიის, Sputnik-ის ცნობით, ინიციატივის ავტორი კრემლთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტია“, რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს.

რა ფუნქცია ექნება საბჭოს?

ახლად შექმნილი საბჭო „რუსოფობიის გამოვლინებების“ აღრიცხვას გეგმავს. ორგანიზაციის განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება:

  • რუსეთის შესახებ „ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე“;
  • ისტორიული მოვლენების „დამახინჯებაზე“;
  • ენისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე.

საბჭოსთან ერთად იქმნება იურისტთა ჯგუფიც. მათი მიზანია, გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივი შეფასება მისცენ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საჩივრები მოამზადონ. ორგანიზაცია შედეგების გასაჯაროებას ყოველ სამ თვეში ერთხელ გეგმავს.

აქცენტი 2022 წლის შემდგომ პერიოდზე

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იმ მოვლენებსა და საჯარო განცხადებებს, რომლებიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა. ორგანიზაციის მტკიცებით, ამ პერიოდის შემდეგ საქართველოში ანტირუსული რიტორიკა შესამჩნევად გაიზარდა.

ვინ დგას ინიციატივის უკან?

„ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე საზოგადოებისთვის ცნობილია პრორუსული აქტივობებითა და განცხადებებით. 2022 წელს, მედიასაშუალება iFact-თან საუბრისას, მან დაადასტურა, რომ იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის დონეცკის რეგიონში და საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ერთადერთი ქართველი რეპორტიორი, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კვლავ გააჟღერა გაფრთხილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ზახაროვას თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციას შესაძლოა საქართველოსთვის ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს და ქვეყანა „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში აღმოჩნდეს.