რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაუკავშირდა და კიევზე მორიგი მასირებული დარტყმების შესახებ გააფრთხილა. კრემლის მტკიცებით, ეს ნაბიჯი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან განხორციელებული „ტერორისტული შეტევების“ საპასუხო რეაქციაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, ლავროვმა რუბიოს აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ სისტემურ დარტყმებს იწყებენ.
დიპლომატების ევაკუაციის რეკომენდაცია
მოსკოვმა უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაიყვანონ პერსონალი კიევიდან. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებშია განთავსებული, რაც უცხოელ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა სატელეფონო საუბრის ფაქტი, რომელიც რუსული მხარის თხოვნით შედგა. ოფიციალური ვაშინგტონის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, ორმხრივი ურთიერთობები და ირანში არსებული ვითარება.
უკრაინის პასუხი: „უსირცხვილო შანტაჟი“
კიევმა რუსეთის მუქარას „უსირცხვილო შანტაჟი“ უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც კიევს რაკეტებითა და დრონებით უტევს, შესაბამისად, ახალი განცხადებები მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის დაშინებას ემსახურება.
„რუსეთს სურს შიში, პანიკა და უკრაინის იზოლაცია, რაც არ იმუშავებს. ევროკავშირი არსად წავა და დარჩება კიევში და უკრაინასთან ერთად“, - განაცხადა უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კატარინა მატერნოვამ.
უკრაინული მხარე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, არ დაემორჩილონ კრემლის მუქარას და გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები. კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით უზრუნველყოს დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.