რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევის წინააღმდეგ ახალი, მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დააანონსა. განცხადება 24 მაისის ღამით უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული რაკეტებითა და დრონებით იერიშის შემდეგ გავრცელდა.

მოსკოვის მტკიცებით, თავდასხმების სერია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 22 მაისს სტარობელსკზე მიტანილ იერიშს უკავშირდება. რუსული მხარე აცხადებს, რომ აღნიშნულმა ქმედებამ მათი „მოთმინების ფიალა აავსო“.

რას გეგმავს კრემლი?

რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ იწყებს უწყვეტ სისტემურ დარტყმებს კიევში არსებულ უკრაინის საბრძოლო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე. მუქარა ასევე ეხება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებსა და სამეთაურო პუნქტებს.

მოსკოვმა ოფიციალური მოწოდება გაავრცელა უცხოეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. მათ მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი.

ადგილობრივ მოსახლეობას კი ურჩიეს, თავი შეიკავონ და არ მიუახლოვდნენ იმ ობიექტებს, რომლებიც ადმინისტრაციულ ან სამხედრო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

რა მოხდა სტარობელსკში?

რუსული მხარის მონაცემებით, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ სტარობელსკზე განხორციელებულ იერიშს 21 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია პედაგოგიური კოლეჯის კორპუსები, სადაც, ოფიციალური ცნობებით, ძირითადად 18-დან 22 წლამდე სტუდენტები იმყოფებოდნენ.

თავის მხრივ, უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ იერიში მიზნად ისახავდა რუსული დანაყოფის, „რუბიკონის“ სამეთაურო პუნქტს. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროების მიერ ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

24 მაისის ღამის შედეგები

კიევზე განხორციელებული ბოლო იერიშის შედეგად 30-ზე მეტი შენობა დაზიანდა ან დაინგრა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი ორს შეადგენს. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ევროკავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა დაგმო.