გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, იაპონიაში გამართულ საერთაშორისო უწყებათაშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით ჩატარდა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე და მყარი ნარჩენების მდგრად მართვაზე იყო ფოკუსირებული.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ნარჩენების მართვის თანამედროვე, პრაქტიკული მოდელები. აღნიშნული მიდგომების დანერგვა დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკისა და იაპონიის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით.

სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო საქართველოში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. დისკუსიაში ჩართულნი იყვნენ განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლები და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკულ დანერგვასა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების გაფართოებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის გზებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები, რომლებიც საქართველოში ნარჩენების გადამუშავების ინფრასტრუქტურას გააძლიერებს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს იაპონიაში მოქმედი ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების ობიექტები. მათ ადგილზე გაეცნენ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც რესურსების ხელახალ გამოყენებას და ნარჩენების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.