საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. ინიციატივა მიზნად ისახავს უცხოელი სტუდენტების მიმართ მოთხოვნების გაზრდას და ფიქტიური ქორწინებების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას.
უწყების განცხადებით, ცვლილებები პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და მიზნად ისახავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში ყოფნის წესების გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას.
ახალი მოთხოვნები უცხოელი სტუდენტებისთვის
სამინისტროს ცნობით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში უცხოელთა ჩარიცხვა ახალი კრიტერიუმებით მოხდება. ამიერიდან, საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან, უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო სისტემაში შეიტანონ. ეს მონაცემები მოიცავს სტუდენტის სტატუსს, მობილობასა და აკადემიურ მოსწრებას, რაზეც წვდომა სახელმწიფო უწყებებს ექნებათ.
სტუდენტებს მოეთხოვებათ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენა ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ენის გამოცდის ჩაბარება. გარდა ამისა, დაწესდება მაქსიმალური კვოტები უცხოელი სტუდენტების მისაღებად. წესების დარღვევის შემთხვევაში სასწავლებლები დაჯარიმდებიან, ან მათ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეთ.
ფიქტიური ქორწინებების კრიმინალიზაცია
საკანონმდებლო პაკეტი პირდაპირ ეხება ფიქტიურ ქორწინებებს, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის ან მოქალაქეობის მიღების მიზნით იდება. ასეთი ქორწინებების გამოვლენისთვის სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს.
ფიქტიური ქორწინების დამტკიცების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ემუქრებათ დეპორტაცია, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე, ჯარიმა ან ორ წლამდე პატიმრობა. ასევე, შესაძლებელი ხდება მსჯავრდებული უცხოელების სასჯელის დარჩენილი ნაწილის დეპორტაციით ჩანაცვლება.
უფლებამოსილებების გაფართოება
ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი უფლებამოსილი ხდება, განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით. სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებითაც იგეგმება ცვლილებები: საქმის განხილვის ვადები შემცირდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მოსმენები ზეპირი განხილვის გარეშე ჩატარდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.