„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაუქმებისთვის ემზადება. სამადაშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის მიმდინარე პროპაგანდა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
პოლიტიკოსი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ბრიუსელის იდეა ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაციის შესახებ ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს ცვლის და მას „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა გაერთიანებად აქცევს.
სამადაშვილის თქმით, თუ 2024 წელს ხელისუფლება „ღირსებით ევროპისკენ“ ლოზუნგით მოქმედებდა, ახლა რუსეთის მოლოდინი სხვაა. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების განწყობის შეცვლას „უღირსი ევროპის“ ნარატივის დანერგვით ცდილობს.
„ევროკავშირში დღეს უკრაინის გაწევრიანების სხვადასხვა მოდელი განიხილება, მათ შორის „ასოცირებული წევრის“ სტატუსი, თუმცა ეს პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ეს დისკუსია საკუთარი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის მტკიცებით, საქართველოს ფორმალური განაცხადის გაუქმება რუსეთის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, რომელსაც მმართველი პარტია ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. მისი თქმით, ეს პროცესი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის სრულ ცვლილებას ისახავს მიზნად.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.