ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) 2026 წლის 7 ივნისის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა მკაცრადაა შეფასებული.

უკიდურესად პოლარიზებული გარემო

დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები უკიდურესად პოლარიზებულ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ანგარიშში პირდაპირაა საუბარი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ საჯარო მუქარებსა და შეურაცხმყოფელ რიტორიკაზე.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის მხრიდან შეურაცხყოფა შეეხო არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ იძულებით გადაადგილებულ სომეხ ლტოლვილებსაც. ეს ფაქტი საარჩევნო კამპანიის დროს არსებულ მაღალ დაძაბულობაზე მიუთითებს.

ბიზნესის ნაციონალიზაციის მუქარა

ანგარიშის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური კანდიდატების კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაციითაც დაიმუქრა. დოკუმენტი ადასტურებს, რომ ნაციონალიზაციის პროცედურები საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებამდეც კი იყო ინიცირებული, რაც კანდიდატებზე პირდაპირ ზეწოლად ფასდება.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ფარაჰ კარიმიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სიძულვილის ენის წაქეზება და ხმების მოსყიდვის ბრალდებები სისტემურ ხასიათს ატარებდა.

ზეწოლა საჯარო მოხელეებზე

ანგარიშში ასევე საუბარია მთავრობის თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე. კერძოდ, მათ ავალდებულებდნენ სამთავრობო შეხვედრებში მონაწილეობას, რაც ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

მედია გარემო კი, ეუთო/ოდირის შეფასებით, პოლარიზებული იყო. ამომრჩევლისთვის დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა შეფერხდა მანიპულაციური ინფორმაციითა და მოვლენების მიკერძოებული გაშუქებით.