სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და მოქალაქეები საკუთარ არჩევანს საღამოს 20:00 საათამდე აფიქსირებენ.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხმა უკვე მისცა. არჩევნებში მონაწილეობას იღებს არაერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“, გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“ და „ძლიერი სომხეთი“, რომლის წარმომადგენელი სამველ კარაპეტიანი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.
ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობაზე
საარჩევნო უბნიდან გამოსულმა ნიკოლ ფაშინიანმა მედიასთან რუსეთთან არსებულ კავშირებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, სომხეთში მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან დაძაბულობა, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელია. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.
დაკავებები და ჩხრეკები
არჩევნები ქვეყანაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი, რომელსაც ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში ედება.
სამართალდამცავებმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „ძლიერი სომხეთის“ ექვსი დეპუტატობის კანდიდატი დააკავეს. ასევე, მიმდინარეობს ჩხრეკა პარტიის შტაბ-ბინასა და უფლებადამცველ კარაპეტ პოღოსიანის საცხოვრებელში.
სულ სომხეთის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული 100-მდე პირია დაკავებული. მათ შორის არის დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი. ძირითადი ბრალდებები მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.