სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ II-მ. საარჩევნო უბნიდან გამოსულმა სასულიერო პირმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი არჩევანი ლოცვითა და ვედრებით იყო განმსჭვალული.

„ღმერთმა დაგვეხმაროს ძლიერი, უსაფრთხო, დაცული, კანონმორჩილი და აყვავებული ქვეყნის აშენებაში“, — განაცხადა გარეგინ II-მ, რომელიც სომხურ სამოციქულო ეკლესიას 1999 წლიდან ხელმძღვანელობს.

კათოლიკოსსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას შორის ღია დაპირისპირება 2020 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. პატრიარქი ფაშინიანის გადადგომას 2020 წლის დეკემბრიდან მოითხოვს, მთავრობა კი მას პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას საყვედურობს.

ეკლესია ღიად ეწინააღმდეგება ფაშინიანის არაერთ ინიციატივას. მათ შორის არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სახელმწიფო გერბიდან არარატის მთის გამოსახულების ამოღების იდეა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ეჯმიაწინის პირველსაყდარს „ანტიეროვნული ჯგუფის“ მიერ მიტაცებულად მოიხსენიებს.

პოლიტიკური დაპირისპირება მწვავე რიტორიკაში გადაიზარდა. ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ, ანნა ჰაკობიანმა, სასულიერო პირების მისამართით არაერთი მძიმე ბრალდება გააჟღერეს. ფაშინიანმა საჯაროდ ეჭვქვეშ დააყენა გარეგინ II-ის მორალური ავტორიტეტიც.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2 485 851 მოქალაქეს აქვს. საარჩევნო სუბიექტებს შორის არიან როგორც პროდასავლური კურსის „სამოქალაქო შეთანხმება“, ისე არაერთი ოპოზიციური და პრორუსული ორიენტაციის გაერთიანება, როგორიცაა რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ და სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებული ძალები.