საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანა არ აპირებს „ნომინალური და უთანასწორო კავშირის“ გამოცდილების გამეორებას, რაც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის მოდელს ჰგავს.
პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის განცხადებებს, სადაც საუბარი იყო გაფართოებისას „ძლიერი დამცავი ზომების“ დანერგვაზე. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ახალ წევრებს შესაძლოა შეზღუდული ჰქონდეთ ხმის უფლება, რათა თავიდან იქნას აცილებული რეფორმების შეფერხება ან ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენება.
მარტა კოსმა, Politico-სთან ინტერვიუში, დააზუსტა, რომ ევროკავშირი მუშაობს მექანიზმებზე, რომლებიც ახალ წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას არ მისცემს. მისი თქმით, ეს სისტემა ემსახურება იმას, რომ ახალმა წევრებმა არ შეძლონ ბლოკის მუშაობის პარალიზება.
თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ კოსმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვის სრულ თანასწორობას გაწევრიანების შემდეგ. მან უარყო ნაწილობრივი უფლებებით წევრობის კონცეფცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნები შეინარჩუნებენ ვეტოსა და ხმის მიცემის თანაბარ უფლებებს.
პაპუაშვილის ინტერპრეტაციით, „პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი ევროკავშირი ასეთ ცვლილებებს დაუშვებს, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა. მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სწრაფვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთებას არ შეესაბამება.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს 70-წლიანი გამოცდილება უთანასწორო კავშირში ყოფნისა და ამგვარი სცენარის გამეორება მიუღებელია. მისივე განცხადებით, თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნები მსგავს პრაქტიკას დაუშვებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ პრობლემა არა თავად კავშირის ფორმატთან, არამედ მის დომინანტურ ძალასთან აქვთ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.