საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გაჟღერებულ იდეას ეხმაურება. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრებისგან განსხვავებულ, შეზღუდულ ხმის უფლებას უწესებს.
პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული გაერთიანება, სადაც ყველა წევრი თანასწორია. მისი თქმით, ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია რადიკალურად ცვლის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და კავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ წევრებად ყოფს.
რა საფრთხეს ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე?
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრაქტიკაში ეს მიდგომა ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები თავად საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღოს. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს ეწინააღმდეგება ბრიუსელის მიერ ხშირად გაჟღერებულ პრინციპს - „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე“.
„ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. მეორეხარისხოვანი წევრობა არ არის ის, რაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული მიზანი“, - აცხადებს პაპუაშვილი.
ისტორიული პარალელები
შალვა პაპუაშვილმა საკითხი საბჭოთა კავშირის გამოცდილებას დაუკავშირა. მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ქვეყანა არ აპირებს.
„თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი შეფასებით, ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს“.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.