22 წლის კანადელი სტუდენტი საიმონ როვენსკი საქართველოში მას შემდეგ დააკავეს, რაც ქვეყნის საზღვარზე ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) სამკურნალო მედიკამენტი „ადერალი“ აღმოუჩინეს. ოჯახის განცხადებით, ახალგაზრდას თან ჰქონდა ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატი, თუმცა მას არ ჰქონდა თანდართული ოფიციალური რეცეპტი, რამაც სამართლებრივი პრობლემები გამოიწვია.
როვენსკის ბრალი „ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით უკანონო შემოტანასა და ფლობაში“ ედება. კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული მუხლი 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ვანკუვერიდან ჩამოსულ სტუდენტს მედიკამენტი ექიმის სახელზე გაფორმებულ ქილაში ჰქონდა მოთავსებული, თუმცა დეკლარირება არ მოუხდენია, რადგან არ იცოდა, რომ საქართველოში ეს პრეპარატი აკრძალულია.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავების პროცესში როვენსკიმ და მისმა მეგობარმა მრავალსაათიანი დაკითხვა და „დამამცირებელი პირადი ჩხრეკა“ გაიარეს. ამჟამად სტუდენტი გლდანის ციხეში იმყოფება და სასამართლო სხდომას ელოდება, რომელიც 25 ივნისისთვის არის ჩანიშნული.
ადვოკატებზე დაყრდნობით, ოჯახი იმედოვნებს, რომ საქმე ე.წ. „დადგენილი პრაქტიკით“ დასრულდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოსთვის ჯარიმის გადახდას, რის შემდეგაც დაკავებულს გაათავისუფლებენ და დეპორტაციას გაუკეთებენ. გავრცელებული შეფასებით, ჯარიმის ოდენობა შესაძლოა 30 000-დან 45 000 აშშ დოლარამდე მერყეობდეს.
კანადის საელჩომ ოჯახს აცნობა, რომ დიპლომატიური უწყება სასამართლო პროცესებში ჩარევას ვერ შეძლებს. ოჯახის წევრების თქმით, მათ კანადის მთავრობის იმედი გადაეწურათ. პარალელურად, შემთხვევამ საქართველოში ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა.
ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, „ადერალი“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ არის დამტკიცებული და მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი რეგულაციები დიაგნოსტიკასა და მკურნალობას „პრობლემურს“ ხდის, რადგან ექიმებს ფსიქოაქტიური მედიკამენტების დანიშვნის ეშინიათ, რათა ლიცენზიის ჩამორთმევა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.