ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატის მიმართ დისციპლინური მოკვლევა იწყება. მიზეზი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობაა, რომელსაც კრემლის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემები Luxemburger Wort და Digi24 ავრცელებენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ შესაბამის კომიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა. მისი მოთხოვნა ლუქსემბურგელი ევროპარლამენტარის, ფერნან კარტაიზერის ქმედებების შესწავლას ეხება. მეცოლას განცხადებით, დეპუტატებმა უნდა დაადგინონ, რამდენად შეესაბამებოდა კარტაიზერისა და სხვა დეპუტატების ვიზიტი ევროპარლამენტის შიდა წესებს.
განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია „დეკლარაციამ“, რომელიც კარტაიზერმა რუსეთში წარადგინა. დოკუმენტი, რომელიც ევროპარლამენტის სახელით იყო შედგენილი, თუმცა ხელმოწერები არ ჰქონდა, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე მიანიშნებდა. მასში არაფერია ნათქვამი უკრაინაში მიმდინარე ომზე.
მეცოლას შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არსებობს საფრთხე, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ევროპარლამენტსა და რუსეთის სახელმწიფო დუმას შორის რაიმე სახის არაოფიციალური საკომუნიკაციო არხი არსებობს. ამასთან, კარტაიზერს ვიზიტის შესახებ წინასწარი დეკლარაცია არ წარუდგენია, რაც მესამე მხარის მიერ დაფინანსებული მოგზაურობისას სავალდებულოა.
თუ კომიტეტი დარღვევას დაადგენს, კარტაიზერს შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს ან ევროპარლამენტის სახელით საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობა აეკრძალოს. თავად პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დასამალი არაფერი აქვს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ კარტაიზერი მოსკოვში ვიზიტის გამო უკვე გარიცხეს „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფიდან.
პარალელურად, რუმინელი ევროპარლამენტარის, დიანა შოშოაკეს მიმართაც შესაძლოა ანალოგიური პროცედურები დაიწყოს. შოშოაკე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიზიტი საკუთარი სახსრებით დააფინანსა, რუსეთი კი „აკრძალული ქვეყანა არ არის“.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.