მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტთა შორის მყოფმა საფრანგეთის ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით გახსნა. მუნდიალის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა სენეგალის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 3:1 იმარჯვა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა.
შეხვედრის საწყისი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ინიციატივას სენეგალი ფლობდა და გოლთანაც ყველაზე ახლოს სწორედ ისინი იყვნენ. ნიკოლას ჯექსონის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მაიკ მენიოს ზურგიდან კუთხურზე გადავიდა.
მეორე ტაიმში საფრანგეთმა თამაში გაამწვავა. 53-ე წუთზე, სენეგალელთა შეცდომის შემდეგ, მაიკლ ოლისემ დაარტყა, თუმცა ედუარ მენდიმ გუნდი გადაარჩინა. მალევე, კილიან მბაპემ პირისპირ გასვლის შანსი ვერ გამოიყენა.
ანგარიში 66-ე წუთზე გაიხსნა. მაიკლ ოლისეს ჭკვიანურ პასს კილიან მბაპემ ზუსტი დარტყმით უპასუხა და ფრანგები დააწინაურა.
მატჩის დასკვნით ფაზაში საფრანგეთმა უპირატესობა გაზარდა. 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბრედლი ბარკოლამ მეორე გოლი გაიტანა და ფრანგების გამარჯვება ფაქტობრივად უზრუნველყო.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სენეგალმა იბრაჰიმ მბაიეს გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა საფრანგეთმა მალევე უპასუხა. კილიან მბაპემ დუბლი გაიფორმა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.
აღსანიშნავია, რომ ამ გოლით კილიან მბაპემ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი დაიმკვიდრა. მის ანგარიშზე უკვე 58 გოლია.
ამავე ჯგუფში ერაყისა და ნორვეგიის დაპირისპირებაა დაგეგმილი. რაც შეეხება მომდევნო ტურს, 23 ივნისს საფრანგეთი ერაყს შეხვდება, სენეგალი კი ნორვეგიას დაუპირისპირდება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.