პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს. პოლონური მედიის, RMF24-ის ცნობით, სამი ეჭვმიტანილი პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში აიყვანეს, სადაც 15 ივნისს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა.

გამოძიების ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. სამართალდამცავები ამ დრომდე აგრძელებენ უშუალოდ მკვლელის ძებნას, რომელმაც სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზოვკოვი) ქალაქის ერთ-ერთ ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში სულ მცირე ორი პირი მონაწილეობდა. არსებობს ვერსია, რომ დამნაშავეები ბელარუსიდან ჩავიდნენ. ტაქსის მძღოლი, რომელმაც ისინი ადგილზე მიიყვანა, აცხადებს, რომ მას იარაღით დაემუქრნენ.

მკვლელობამდე მიღებული მუქარები

სემიონ სკრეპეცკი კრემლის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსი იყო. 12 ივნისს, ე.წ. „რუსეთის დღეს“, მან ბერლინში საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. მხატვარმა რუსეთის საელჩოსთან სტალინისა და პუტინის კარიკატურები წარადგინა და რუსეთის ფედერაციის დროშა მიწაზე ათრია.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სოციალურ ქსელებში მხატვარმა თავადვე დაწერა, რომ მისმა ბერლინურმა აქციამ „რუსი პატრიოტების“ უკმაყოფილება გამოიწვია და მას მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდნენ. გამოძიება ამ ვერსიასაც განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მოტივს.