
საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ დაავადება, რომელიც მსოფლიოში 170 მილიონზე მეტ ქალს აწუხებს, ოფიციალურად გადაარქვა. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) ამიერიდან პოლიენდოკრინულ მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომად (PMOS) მოიხსენიება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სახელის ცვლილება დაავადების უკეთ გააზრებასა და დიაგნოსტიკის გამარტივებას შეუწყობს ხელს.

როშელ ლუისი, 31 წლის ქალი ბირმინგემიდან, ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, ვინც დიაგნოზის დასმამდე წლები გაატარა ექიმებთან. მისთვის დიაგნოზი მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან ექიმებმა უთხრეს, რომ ეს მდგომარეობა დედობის შანსს შეუმცირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუისმა საბოლოოდ შეძლო დაორსულება და დღეს სამი თვის ვაჟი ჰყავს, ის აღიარებს, რომ დაავადების სახელი ხშირად მცდარ მოლოდინებს ქმნის.
„როდესაც გეუბნებიან, რომ გაქვს PCOS, ხშირად მარტო გტოვებენ ამ პრობლემასთან“, — ამბობს ლუისი. მისი თქმით, სახელის ცვლილება გარკვეულწილად პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა რეალური ცვლილებები პაციენტების მხარდაჭერის სისტემაშიც უნდა აისახოს.
სამედიცინო ექსპერტები, მათ შორის საქველმოქმედო ორგანიზაცია Verity PCOS-ის წევრები, დიდი ხანია ითხოვდნენ ცვლილებას. მათი განმარტებით, ძველი სახელი შეცდომაში შემყვანია, რადგან დაავადება მხოლოდ საკვერცხეებს არ ეხება. ეს არის ორგანიზმის მეტაბოლური და ენდოკრინული სისტემის სირთულე, რომელიც გავლენას ახდენს მთლიან სხეულზე.

დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია: არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე, წონის მატება და ინსულინის მაღალი დონე, რაც მომავალში მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. შირინ ფორსტერი, რომელიც თავად 18 წლის ასაკში დადგა ამ დიაგნოზის წინაშე, აღნიშნავს, რომ სწორედ სიმპტომების გამო ბევრი ქალი კარგავს თავდაჯერებულობას.
„ეს არ არის მხოლოდ ცისტები საკვერცხეებში. ეს არის თქვენი მეტაბოლიზმი, თქვენი ენდოკრინული სისტემა და ჰორმონალური ბალანსი. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული“, — ამბობს ფორსტერი. მისი თქმით, სახელი PMOS უკეთ ასახავს დაავადების ბუნებას და პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო დამაჯერებლად მოითხოვონ სპეციალიზებული დახმარება.
კეიტ მორისი, რომელიც ათწლეულებია პაციენტების მხარდაჭერაზე მუშაობს, იხსენებს, რომ 80-იან წლებში დიაგნოზის დასმა თითქმის შეუძლებელი იყო. ის იმედოვნებს, რომ ახალი ტერმინოლოგია ექიმებს უბიძგებს, პაციენტები უფრო ხშირად მიმართონ ენდოკრინოლოგებთან. „როდესაც ახალ პაციენტს ვხვდები, პირველი, რასაც ვეუბნები, არის ის, რომ ძველი სახელი უაზრობაა. ეს არ არის მხოლოდ საკვერცხეების პრობლემა და სწორედ ამაშია მთავარი საფრთხე“, — აცხადებს მორისი.








დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.