რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიის საშტატო შემადგენლობა მკვეთრად იზრდება და 2,399 მილიონ ადამიანს აღწევს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ამ რაოდენობიდან 1,51 მილიონი უშუალოდ სამხედრო მოსამსახურე იქნება.

ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წელს უკვე მეორე მსგავსი ნაბიჯია. მარტში პუტინმა სამხედროთა რაოდენობა 1,502 მილიონით განსაზღვრა, რაც ადასტურებს კრემლის კურსს შეიარაღებული ძალების მუდმივი გაფართოებისკენ. შედარებისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთის არმიის შემადგენლობა მილიონს ოდნავ აღემატებოდა.

12 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული ციფრიც დაასახელა — მისი თქმით, ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ომში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.

არმიის ზრდასთან ერთად, რუსეთში სამხედრო აღრიცხვის პროცედურებიც მკაცრდება. ივნისის დასაწყისში უფლებადამცველმა პროექტმა „შკოლა პრიზივნიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამხედრო აღრიცხვის რეესტრში უკვე დაფიქსირებულია მოქალაქეთა რეალური საცხოვრებელი მისამართები და არა მხოლოდ რეგისტრაციის ადგილები.

უფლებადამცველების თქმით, ამ ცვლილებების შემდეგ სამხედრო კომისარიატებისგან დამალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის სულ უფრო რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.