რუსეთის ფედერაციამ კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას ინფორმაციით, თავდასხმაში დაახლოებით 600 დრონი და ათეულობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები მონაწილეობდა.

შეტევის სამიზნე მხოლოდ დედაქალაქი არ ყოფილა. დარტყმები განხორციელდა ჩერკასის, ხარკოვის, კროპივნიცკის, ოდესის, პოლტავის, სუმისა და ჟიტომირის ოლქებზეც. ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა.

„ტერორი ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო“

ანდრი სიბიჰას განცხადებით, პუტინი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ბრძოლის ველზე მიღწეული წარუმატებლობის გადასაფარად იყენებს. მინისტრის თქმით, ეს შეტევა რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის „სიძლიერის დემონსტრირებას“ ისახავდა მიზნად, თუმცა რეალურად კრემლის სისუსტე კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

„თვით რუსებმაც ხედავენ, რომ ის დამარცხებულია. მისი „სპეციალური ოპერაცია“ შედეგს ვერ აღწევს. დანაკარგები უზარმაზარია, თუმცა არც ერთი დასახული მიზანი არ არის მიღწეული“, - აცხადებს სიბიჰა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. მისი თქმით, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმებით რუსეთის რეჟიმზე ზეწოლას აგრძელებს, რაც მოსკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

მოწოდება მოკავშირეებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო პარტნიორებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. სიბიჰას განცხადებით, ახლა უკან დახევის დრო არ არის. ის მოკავშირეებისგან ითხოვს:

  • უკრაინის ცის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას;
  • თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების ზრდას;
  • რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლის გამკაცრებას;
  • გაყინული რუსული აქტივების სრულად გამოყენებას;
  • მკაფიო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

სიბიჰა დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს გააჩნია საჭირო ბერკეტები, რათა აიძულოს მოსკოვი, უარი თქვას ტერორზე და ომი დაასრულოს. მისი თქმით, მხოლოდ ერთობლივი და მტკიცე პოზიციითაა შესაძლებელი რუსეთის აგრესიის შეკავება.