„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ წევრმა კომპანიამ, Reformerfitness-მა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასა და გაუქმებას, რომლებიც ბიზნესსუბიექტების საჯარო პოლიტიკურ აქტივობას ზღუდავს.
საუბარია 2026 წლის 4 მარტს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. კანონის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც ეწევა პოლიტიკურ აქტივობას, რაც არ უკავშირდება მის ძირითად საქმიანობას, 20 000 ლარით დაჯარიმდება.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, კანონი გაცილებით მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით, დაეკისრება როგორც იურიდიულ პირს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს.
ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მათი თქმით, ეს არის მცდელობა, ბიზნესსექტორი ხელოვნურად ჩამოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
„სამართლებრივი დავის მიზანია ბიზნესსექტორის ფუნდამენტური უფლებების – გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო სექტორის დამოუკიდებელი ხმის – დაცვა“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
Reformerfitness-ის ხელმძღვანელი, გიორგი ფუტკარაძე, კანონის ბუნდოვანებაზე საუბრობს. მისი განმარტებით, ინტერპრეტაციის ფართო დიაპაზონი სამართალდამცავებს აძლევს ბერკეტს, ნებისმიერ დროს განახორციელონ სადამსჯელო ღონისძიებები ანგარიშსწორების მიზნით.
ფუტკარაძის თქმით, მიუხედავად სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა, ის არ აპირებს თვითცენზურას მიმართოს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააფიქსიროს პოზიცია, რათა ეს პროცესი ისტორიას შემორჩეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომლითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და გრანტების კანონის დარღვევა სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება გახდა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს ნორმები კერძო სექტორს დამოუკიდებელ პოზიციას უზღუდავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.