უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ განხორციელებული ღამის იერიშები მკაცრად დაგმო. ოფიციალური ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული შეტევა მიიტანეს, რასაც სულ მცირე 83 ადამიანის დაშავება მოჰყვა. პრეზიდენტის განცხადებით, არიან დაღუპულებიც, რომელთა ოჯახებს მან სამძიმარი გამოუცხადა.
თავდასხმა განსაკუთრებით მასშტაბური იყო. რუსულმა მხარემ გამოიყენა 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური, ხოლო დრონების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო, სადაც ყველაზე მეტი დარტყმა დაფიქსირდა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მოქმედებები მიზანმიმართულად არის მიმართული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. კერძოდ, იერიშების შედეგად დაზიანდა წყლის მომარაგების ობიექტი, გადაიწვა ბაზარი, დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე სკოლა. „ისინი რეალურად არანორმალურები არიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინი უკვე სიტყვა „ურა“-საც კი ვეღარ წარმოთქვამს ნორმალურად. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ენა ებმის, ის მაინც აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევებს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დახმარებას გაუწევს ყველა დაზარალებულს. „ეს ჩვენი ვალდებულებაა და სახელმწიფო მას შეასრულებს. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ადგილზე მუშაობს დარტყმების შემდეგ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყონ, რომ რუსეთის ამ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.