რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულმა მორიგმა იერიშმა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. თავდასხმის შედეგად დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა კიევ-პეჩერის ლავრას, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ზე მომხდარი მკაცრად დაგმო. მისი თქმით, რუსეთი, რომელიც ხშირად ცდილობს თავი ქრისტიანული ღირებულებების დამცველად წარმოაჩინოს, რეალურად, სრულიად საპირისპიროს აკეთებს.
„კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბარბაროსობა და ზიზღი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის მიმართ“, — წერს ცაჰკნა. მისივე განცხადებით, ეს არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი, რომელიც თითქმის ათასი წელია არსებობს და დღეს ის რუსული აგრესიის გამო იწვის.
კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მონასტერი უკრაინის მართლმადიდებლური კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ ითვლება.
საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი თავდასხმები კულტურულ და რელიგიურ ობიექტებზე მიზანმიმართულად ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ იდენტობისა და სულიერი ფასეულობების განადგურებას.
მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები არ ითვალისწინებს არანაირ საერთაშორისო ნორმას, მათ შორის არც ისტორიული ძეგლების დაცვის შესახებ არსებულ კონვენციებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.