კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულმა თავდასხმამ საერთაშორისო საზოგადოების მწვავე შეფასებები გამოიწვია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა აცხადებს, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე დარტყმით, ვლადიმერ პუტინმა საკუთარი სახელი ისტორიის ყველაზე სასტიკი ბარბაროსების გვერდით სამუდამოდ ჩაწერა.
სიბიჰას განცხადებით, რუსული აგრესია სცდება ჩვეულებრივი სამხედრო კონფლიქტის ფარგლებს და მიმართულია კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისკენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებებმა კულტურული დანაშაულების მასშტაბით „ისლამური სახელმწიფოს“ მაჩვენებლებსაც კი გადააჭარბა.
„ის საუკუნეების განმავლობაში უნდა იყოს დაწყევლილი. და ის ამ ომს წააგებს“, — წერს ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში.
მინისტრმა გაიხსენა ისტორიული პარალელებიც. კიევის უძველესმა მონასტრებმა საუკუნეების განმავლობაში არაერთი შემოსევა გამოიარეს, მათ შორის მე-13 საუკუნის მონღოლთა ურდო, ნაცისტური გერმანია და ბოლშევიკური რეჟიმი. თუმცა, სიბიჰას თქმით, დღევანდელი „რუსი ტერორისტების“ ქმედებები განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევა.
კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და განსაკუთრებულ დაცვას ექვემდებარება. უკრაინული მხარე უკვე იწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა მომხდარს ადეკვატური შეფასება მიეცეს.
ოფიციალური კიევი საერთაშორისო პარტნიორებისგან მხოლოდ განცხადებებს კი არა, არამედ ქმედით ნაბიჯებს ელოდება. „არ გვჭირდება ბუნდოვანი განცხადებები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. საჭიროა ქმედება ახლავე, რათა შეჩერდეს რუსული ბარბაროსობა“, — აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.