საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტემპს ინარჩუნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 6.2%-ით განისაზღვრა. წლის პირველი ოთხი თვის ჯამური მაჩვენებელი კი 8.3%-ს უტოლდება.
ეკონომიკური აქტივობის მთავარ მამოძრავებელ ძალად დამამუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ვაჭრობა და ფინანსური სექტორი დასახელდა. ამავდროულად, სტატისტიკა აჩვენებს კლებას მშენებლობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის მიმართულებით.
კერძო სექტორის მდგრადობა ციფრებშიც აისახება: დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 10.3%-ით, 15 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. იანვარ-აპრილში ქვეყანაში 6.2 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით მეტია.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც 21.1%-ით გაიზარდა და 2.44 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუ რეექსპორტს გამოვრიცხავთ, ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტის ზრდამ 73.5% შეადგინა. ეს ნახტომი დიდწილად კულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას უკავშირდება, რომელმაც მშპ-ს ზრდაში თითქმის ორი პროცენტული პუნქტი დაამატა.
ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ეს ციფრები ქვეყნის ეკონომიკის განსაკუთრებულ სტაბილურობაზე მიუთითებს გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. თუმცა, ოფიციალური უწყება ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს ინფლაციურ პროცესებზე.
აპრილში ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და თითქმის ორჯერ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს. ფასების ზრდა ძირითადად ენერგომატარებლების გაძვირებამ გამოიწვია.
სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მაისის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაზარდა. მარეგულირებელი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს თვეებში მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.