საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება კრიტიკულ ზღვარზეა. „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა ხორბლის იმპორტის მხრივ თითქმის 100%-ით ოკუპანტ რუსეთზეა ჩამოკიდებული. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ხორბლის მიწოდებას შეწყვეტს, საქართველო პურის გარეშე ერთ კვირაში დარჩება.
დათუნაშვილის განცხადებით, 2013-2026 წლებში სოფლის მეურნეობის დარგში ბიუჯეტიდან 10 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიუხედავად ამ მასშტაბური სუბსიდირებისა, ადგილობრივი წარმოება შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
„ხორბლის ნათესი ფართობები პრაქტიკულად არ გაზრდილა, ხოლო მოსავლიანობა ადგილობრივი ბაზრის 15%-საც კი ვერ ფარავს. შედეგად, ჩვენი სასურსათო ფუნდამენტი სრულად დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს“, — აღნიშნა პოლიტიკოსმა.
დათუნაშვილი ხაზს უსვამს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება მხოლოდ ხორბლით არ შემოიფარგლება. ანალოგიური ვითარებაა ზეთის, შაქრის, ხორცისა და რძის პროდუქტების იმპორტის შემთხვევაშიც. ოპოზიციის წარმომადგენელი სვამს კითხვას: როგორ აღმოვჩნდით ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტზე მიჯაჭვულები და სად გაქრა 10 მილიარდი ლარი?
მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამები ხშირად კორუფციული სქემებით იმართებოდა. ნაცვლად სექტორის გაჯანსაღებისა, თანხები ხშირად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბიზნესჯგუფებზე გაიცემოდა, რასაც პროდუქტიულობის ზრდა არ მოჰყოლია.
დათუნაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, საზოგადოებას განუმარტოს, რა შედეგი მოიტანა 13-წლიანმა სუბსიდირების პოლიტიკამ და რატომ დარჩა საქართველო საკუთარი რესურსების გარეშე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.