საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პრემიით „პალმერის პრემია“ დაჯილდოვდა. ორგანიზაცია Freedom House-ის გადაწყვეტილებით, ჯილდო ზურაბიშვილს დემოკრატიული პროცესების დაცვისა და ევროპული მომავლისთვის გაწეული პრინციპული ლიდერობისთვის მიენიჭა.
„წელს Freedom House ამაყობს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აჯილდოებს მისი პრინციპული ლიდერობისა და ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი ერთგულებისთვის“, — ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ეს აღიარება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან ზურაბიშვილისთვის გამოხატული ერთგვარი სიმბოლური მხარდაჭერაა. ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ შორის ღია და მწვავე კონფლიქტი მიმდინარეობს.
საპარლამენტო არჩევნების გარშემო განვითარებული კრიზისისა და მმართველ გუნდთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოპოზიციური ფლანგის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად იქცა. იგი რეგულარულად გამოდის დასავლურ პლატფორმებზე, სადაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს.
თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ზურაბიშვილს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი კი, მიუხედავად უფლებამოსილების ვადის ამოწურვისა, მოქმედ მთავრობას არალეგიტიმურად მიიჩნევს და საკუთარ თავს ხელისუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად აცხადებს.
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებს უკვე მოუწოდა, რომ აქტიურად მოემზადონ ქვეყანაში დაგეგმილი შესაძლო ვადამდელი არჩევნებისთვის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.