სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე დღე-ნახევრით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. უწყებამ უარი თქვა შინაპატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმებაზე.

პარტია „ძლიერი სომხეთი“ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებულია.

ცესკოს განმარტებით, რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი ბერკეტი მათ მხოლოდ დოკუმენტაციის გაყალბების შემთხვევაში აქვთ, რაც ამჯერად არ დადასტურებულა. კომისიის თქმით, ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის დაფინანსებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პროევროპულმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცესკოს საჩივრით მიმართა. თავმჯდომარე არამ სარქისიანის მტკიცებით, „ძლიერი სომხეთი“ ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობდა.

კომისიის სხდომა გვიან ღამით, 22:00 საათზე დაიწყო, რა დროსაც შენობასთან პარტიის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. სომხური კანონმდებლობით, თუ დარღვევა სისტემური და მძიმეა, რეგისტრაციის გაუქმების უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს.

თავად „ძლიერი სომხეთი“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მას პოლიტიკურ დევნას უწოდებს. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ფაშინიანის გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის „სატელიტური ძალების“ გამოყენებით შოუებს დგამს.

5 ივნისს სომხეთში ოფიციალურად დასრულდა საარჩევნო კამპანია. ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო შეხვედრები რეგიონებში გამართა და „ნამდვილი სომხეთის“ კონცეფცია გააჟღერა. ერევანში მის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

პარალელურად, „ძლიერმა სომხეთმა“ საკუთარი შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე 4 ივნისს ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ფაშინიანს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა აქვს, ევროკავშირი კი ოფიციალურ ერევანს საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ეხმარება.