2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტი აიღო, თუმცა ტურნირის ფინალური მატჩის მასპინძელი ნიუ-ჯერსისთვის ეს მოვლენა ფინანსურ გაურკვევლობასთან ასოცირდება. შტატის ხელისუფლება FIFA-სთან ტრანსპორტირების ხარჯებისა და ბილეთების ფასების გამო დაპირისპირებულია.
ნიუ-ჯერსის გუბერნატორის, მიკი შერილის განცხადებით, FIFA ტურნირისგან 11 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად ნულოვან ფინანსურ წვლილს დებს. ამ ფონზე, ფინალზე დასასწრები ბილეთის ფასი ზოგჯერ 10 000 დოლარსაც აღემატება.
შტატი იძულებულია 48 მილიონი დოლარი დახარჯოს სატრანსპორტო სისტემის გასაძლიერებლად. დაგეგმილია რკინიგზის სერვისების გაფართოება და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება. თავდაპირველად, მატჩის დღეს მგზავრობის ღირებულება 150 დოლარად იყო განსაზღვრული, თუმცა კრიტიკის შემდეგ ის 98 დოლარამდე შემცირდა.
ეკონომიკური მოლოდინი vs რეალობა
ოფიციალური პროგნოზებით, მსოფლიო ჩემპიონატი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის ეკონომიკას 3.3 მილიარდ დოლარს შესძენს და 26 000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. მიუხედავად ამისა, ეკონომისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
სეტონ ჰოლის უნივერსიტეტის პროფესორის, დანიელ ზანზალარის თქმით, მასპინძელი ქალაქების ეკონომიკური პროგნოზები ხშირად გაზვიადებულია. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მასპინძელმა ქალაქებმა მოლოდინზე საშუალოდ 712 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღეს.
ბიუჯეტის დეფიციტი და ხარჯები
ნიუ-ჯერსი ამჟამად 1.5 მილიარდი დოლარის ბიუჯეტურ დეფიციტს ებრძვის. შტატმა უკვე გამოყო 35 მილიონი დოლარი ინფრასტრუქტურისთვის და 120 მილიონი დოლარი დამატებითი ხარჯებისთვის, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნიუ-ჯერსის ინვესტიცია ვერ იქნება მომგებიანი გადასახადის გადამხდელებისთვის. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მუშაობენ მექანიზმებზე, რათა ტვირთი მოსახლეობაზე არ გადავიდეს და ღონისძიებამ მაქსიმალური კულტურული სარგებელი მოიტანოს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.