სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეუფე შიო 7 ივნისს პირველად ჩაატარებს მასობრივ ნათლობას. ეს ღონისძიება რიგით 73-ეა მას შემდეგ, რაც 2008 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ინიციატივა წამოიწყო.
ნათლობა თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. აღნიშნული ტრადიცია გულისხმობს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების მონათვლას.
გარდაცვლილი პატრიარქის ეს ინიციატივა ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მიიჩნეოდა. ილია II-მ ამ წლების მანძილზე თითქმის 50 ათასი ბავშვის ნათლიობა იტვირთა.
ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, გაგრძელდებოდა თუ არა ეს ტრადიცია. პატრიარქმა შიომ ამაზე პასუხი 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს გასცა. მან ცალსახად განაცხადა, რომ მასობრივი ნათლობის ტრადიცია ძალაში რჩება.
ამავე ქადაგებისას პატრიარქმა შიომ აბორტზეც ისაუბრა და მას „მძიმე ცოდვა“ უწოდა. მან მრევლს მოუწოდა, შვილები ყოველ ორ-სამ წელიწადში გააჩინონ. პატრიარქის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში სხვა ხალხები დასახლდებიან, რომლებსაც ბავშვების სიყვარული ახასიათებთ.
პატრიარქის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ აბორტებთან დაკავშირებული კანონმდებლობა გამკაცრდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.