სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კორუფციულ საქმეზე ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა. უწყების ცნობით, დაკავებულია საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და მასთან ერთად კიდევ 5 პირი.

დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა. მას თანამდებობა 2025 წლის მაისში დაატოვებინეს, როდესაც ის თბილისის ყოფილმა ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ ჩაანაცვლა.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა გარდა, სამართალდამცავებმა კიდევ ორ პირზე ძებნა გამოაცხადეს. სუს-ში აცხადებენ, რომ საქმე კომპლექსურია და დეტალები საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ვინ არის დავით ფერაძე?

დავით ფერაძის ბიოგრაფია „საქართველოს რკინიგზამდე“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდს“ უკავშირდება. ის აღნიშნულ ფონდში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა „მტკვარი ჰესის“ პროექტს.

აღსანიშნავია, რომ „მტკვარი ჰესი“ ის პროექტია, რომელიც პროკურატურის ყურადღების ცენტრში მანამდეც მოხვედრილა. კერძოდ, ამავე პროექტთან დაკავშირებით, ბრალდებები ჰქონდა წაყენებული ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, რაც ე.წ. „კრიპტოვალუტების საქმესთან“ ერთად მიმდინარეობდა.

სამართალდამცავი ორგანოები საქმის დეტალებზე ჯერჯერობით შეზღუდულ ინფორმაციას ავრცელებენ. მოსალოდნელია, რომ დაკავებულთა ნაწილს ბრალი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარედგინებათ.