ტაილანდის სამეფო ოჯახის კანცელარიამ ოფიციალურად დაადასტურა პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰას გარდაცვალება. 47 წლის პრინცესა, რომელიც სამი წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, 11 ივნისს საღამოს ბანგკოკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბაჯრაკიტიაბჰა ტაილანდის მეფე რამა X-ის უფროსი ქალიშვილი იყო. ის მონარქის ერთადერთი შვილი გახლდათ პირველი ქორწინებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ისტორიაში ქალი მონარქი არასდროს ყოფილა, პრინცესას ბევრი ტახტის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევდა.
პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის დეკემბერში დამძიმდა. მაშინ ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა მას მიკოპლაზმური ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც პრინცესა კომიდან ვეღარ გამოვიდა.
ბაჯრაკიტიაბჰა საზოგადოებისთვის ცნობილი იყო არა მხოლოდ სამეფო სტატუსით, არამედ აქტიური სოციალური და სამართლებრივი საქმიანობით. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალი პატიმრების უფლებების დაცვას და ქვეყნის სისხლისსამართლებრივი სისტემის რეფორმირებას.
პრინცესამ განათლება სამშობლოში მიიღო, მოგვიანებით კი სამართლის მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტში მოიპოვა. ის მუშაობდა გაეროში ტაილანდის მისიაში, ხოლო 2012-2014 წლებში ავსტრიაში ტაილანდის ელჩის პოსტი ეკავა.
მისი კარიერა ასევე მოიცავდა საქმიანობას გენერალურ პროკურატურაში. 2021 წელს მეფე რამა X-მ მას პირადი დაცვის ხელმძღვანელის თანამდებობა ჩააბარა და გენერლის წოდება მიანიჭა.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ჩანვირაკუნმა პრინცესას „ტაილანდის სიამაყე“ უწოდა. მისი თქმით, ეს დანაკარგი ქვეყნისთვის უდიდესი ტკივილია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.