„ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს რეალურად ყიდის, თუმცა არა მარწყვზე, როგორც ამას ხშირად ირონიულად აღნიშნავენ, არამედ საკუთარ პირად ინტერესებზე. ამის შესახებ პოლიტოლოგმა და „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ დაწვა ყველა ის ხიდი, რომელიც საქართველოს დასავლეთთან აკავშირებდა. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა კავშირებს არა მხოლოდ სახელმწიფოების, არამედ ქალაქების დონეზეც კარგავს.

ვიზალიბერალიზაციის საფრთხე

ლორთქიფანიძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ვიზალიბერალიზაციის თემა მეორეხარისხოვნად მიიჩნია. პოლიტოლოგის აზრით, „ქართული ოცნება“ შინაგანად უკვე მზად არის, ქვეყანას ეს სიკეთე დააკარგვინოს.

„ნეტავ გია ვოლსკის ოჯახის წევრებს გაუწყვიტონ ვიზა, ჩამოიყვანონ ჩუღურეთში და აქ აცხოვრონ. მერე ბატონი გია ცოტა დაამუხრუჭებს და ასეთი აღვირახსნილი განცხადებები აღარ ექნება“, — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების ნაცვლად, სხვა მიმართულებებს ირჩევს. როგორც მაგალითი, მან ბრიუსელში დაგეგმილი ვიზალიბერალიზაციის განხილვის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლების ყირგიზეთში ვიზიტი მოიყვანა.

შალვა პაპუაშვილი და „ცხოველი მადა“

პოლიტოლოგმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გააკრიტიკა. მისი შეფასებით, პაპუაშვილი სუვერენიტეტს არცერთ მატერიალურ ნივთზე არ გაცვლის, რადგან მას „უფრო ცხოველი მადა აქვს“.

„პაპუაშვილს ბევრად მეტი სჭირდება. ადამიანი, რომელიც პარლამენტის წევრობამდე არავისთვის იყო ცნობილი, უცებ ქვეყნის მეორე პირი გახდა. მან ამაზე გაცვალა საქართველოს ეროვნული ინტერესები და საკუთარი ბიოგრაფია“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ჩინეთთან პარტნიორობის საფრთხეები

ლორთქიფანიძემ ისაუბრა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც. მან აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ევროკავშირის ან აშშ-ის სახით „დამცავი ტროსის“ გარეშე, უფსკრულში გადახტომის ტოლფასია.

„ჩინეთი იმპერიალისტური ძალაა, რომელიც ეკონომიკური ბერკეტებით პატარა ქვეყნებს სუვერენიტეტს ართმევს. თუ გვინდა ჩინეთთან თანამშრომლობა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, ზურგი უნდა გვიმაგრებდეს ევროკავშირი და შეერთებული შტატები“, — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს დასავლელი პარტნიორები ჩინეთით ჩაანაცვლოს, რათა თავიანთი ავტორიტარული მმართველობის გამო კრიტიკა აირიდონ თავიდან.