თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარმა ინციდენტმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა. შემთხვევა გასულ ღამით, მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ საცხოვრებელ კორპუსში სროლისა და ხმაურიანი ჩხუბის ხმა გაიგეს. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა.

დაჭრილი პირი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შემთხვევის დეტალებს სწავლობენ.

რა ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო?

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს. უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით.

  • 236-ე მუხლი: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
  • 19-109-ე მუხლი: ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

სამართალდამცველების განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია. ისინი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.