საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სათაურით „საქართველო – რეპრესიების ანატომია: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მძიმე პროცესებს აჯამებს.

ცილისწამების კამპანიები და მედიის წნეხი

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული ცილისწამების კამპანიები. Amnesty International-ის შეფასებით, სახელმწიფო უწყებები დეზინფორმაციას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის იარაღად იყენებენ.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ცილისწამებამ ფიზიკური თავდასხმა, ქონების დაზიანება ან შევიწროება გამოიწვია, დაზარალებულებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ. ასევე, ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულობისგან.

კანონი როგორც იარაღი

უფლებადამცველები მთავრობას მოუწოდებენ, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები. ორგანიზაციის თანახმად, ეს საკანონმდებლო ინიციატივები სამოქალაქო სექტორის შევიწროების ინსტრუმენტად იქცა.

Amnesty International-ი ასევე ითხოვს:

  • სამოქალაქო ორგანიზაციების დაბლოკილი საბანკო ანგარიშების განბლოკვას.
  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი იმ ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას ზღუდავს.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვას.

პოლიციის ძალადობა და დამოუკიდებელი გამოძიება

ანგარიშის დიდი ნაწილი 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს ეთმობა. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ გამოიძიოს ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების უკანონო გამოყენების ყველა შემთხვევა.

Amnesty International-ი ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს მოწოდებით, დააწესონ ემბარგო საქართველოსთვის პოლიციური აღჭურვილობის, მათ შორის ნაკლებად ლეტალური იარაღისა და სათვალთვალო ტექნოლოგიების მიწოდებაზე. ორგანიზაცია ასევე ითხოვს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დამოუკიდებელ გამოძიებას.

დასკვნის სახით, უფლებადამცველები მოუწოდებენ ევროპულ სტრუქტურებს, გააძლიერონ მხარდაჭერა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რათა თავიდან იქნას აცილებული დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი ეროზია.