რუსეთის მოქალაქე და პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმერ დუბოვსკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) ზეწოლასა და გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებს. დუბოვსკის თქმით, ინციდენტი 2025 წელს, გლდანის ციხეში მომხდარა, სადაც ის 2024 წლის შემოდგომიდან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის იყო დაკავებული.
რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აქტივისტი ჰყვება, რომ დაკავებიდან რამდენიმე დღეში მას ფსიქოლოგთან შეხვედრის საბაბით უცნობი პირები შეახვედრეს, რომლებმაც თავი სუს-ის ოფიცრებად წარუდგინეს.
დუბოვსკის მტკიცებით, მას შესთავაზეს დახმარება საქართველოში დარჩენასა და ლეგალიზაციაში, სანაცვლოდ კი ქართველი აქტივისტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს. „მაჩვენეს დემონსტრაციებზე გადაღებული ფოტოები და კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები“, — აცხადებს აქტივისტი.
მისი თქმით, დავალება გულისხმობდა აქტივისტებთან დაახლოებას, პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს და მიღებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას. დუბოვსკი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავდა ფარულ თვალთვალსა და მოსმენებს.
„თუ რუსეთში დაბრუნება არ გინდა, ჩვენ დაგეხმარებით. დარჩი საქართველოში და დაგვეხმარე“, — ციტირებს დუბოვსკი სავარაუდო ოფიცრების სიტყვებს.
შეთავაზება მოიცავდა თავშესაფრის განაცხადის განახლებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას და მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეობის მიღების პერსპექტივას. დუბოვსკიმ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, მისივე თქმით, მას რუსეთში დეპორტაციით დაემუქრნენ.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში როგორც ვლადიმერ დუბოვსკი, ისე მისი მეუღლე, ალინა საველიევა, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში იყვნენ. დუბოვსკი ამბობს, რომ რუსეთში დეპორტაციის საფრთხის მიუხედავად, მან უარი თქვა სხვა ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებაზე.
34 წლის აქტივისტი წარმოშობით ირკუტსკიდანაა. რუსეთის ხელისუფლებამ ის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანა, რაც, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას უკავშირდება. მისი მეუღლის, ალინა საველიევას წინააღმდეგ კი რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
წყვილი საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა. 2022 წელს ისინი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 2025 წელს, თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ, ისინი ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ, რა დროსაც კვლავ დააკავეს. დუბოვსკი გლდანის, ხოლო საველიევა რუსთავის ციხეში იმყოფებოდნენ. საქართველოს პენიტენციური სამსახური აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.