Motorola-ს Wi-Fi როუტერების მომხმარებლები მოულოდნელი ტექნიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, მობილური აპლიკაცია MotoSync+, რომელიც როუტერების მართვისთვისაა საჭირო, პრაქტიკულად გაითიშა. შედეგად, მოწყობილობების დიდი ნაწილი მართვის გარეშე დარჩა.
Mashable-ის კვლევისა და მომხმარებელთა საჩივრების მიხედვით, iOS-ზე აპლიკაცია მხოლოდ გაუთავებელ ჩატვირთვის პროცესს აჩვენებს, ხოლო Android-ზე მომხმარებლები ხედავენ შეტყობინებას: „Server License Expired“ (სერვერის ლიცენზია ვადაგასულია).
პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მათთვის, ვისაც როუტერის თავიდან დაყენება ან ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება სჭირდება. Motorola-ს ოფიციალური ინსტრუქციით, მოწყობილობის სრული მართვა მხოლოდ ამ აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ აპლიკაციის გარეშე როუტერები „აგურებად“ იქცა.
საინტერესოა, რომ Motorola-ს ქსელური პროდუქტები და თავად აპლიკაცია ოპერირებს არა უშუალოდ Motorola-ს მიერ, არამედ კომპანია Premier LogiTech, LLC-ის მიერ, რომელიც ბრენდის ლიცენზიას ფლობს. კომპანია ამ დრომდე არ აკეთებს ოფიციალურ განმარტებებს შექმნილ ვითარებაზე.
მომხმარებელთა უკმაყოფილება სოციალურ ქსელებსა და სავაჭრო პლატფორმებზე სულ უფრო იზრდება. Reddit-სა და Amazon-ზე ასობით მომხმარებელი წერს, რომ ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური მათ არ პასუხობს ან ავტომატურ, არაფრის მომცემ შეტყობინებებს აგზავნის.
ზოგიერთმა მომხმარებელმა შეძლო დაკავშირებოდა გარე მხარდაჭერის გუნდს, თუმცა მათ უთხრეს, რომ პრობლემა „ქსელურ პარტნიორთან“ არსებულ ხარვეზს უკავშირდება. იმავდროულად, Motorola-მ საკუთარი ონლაინ მაღაზიიდან როუტერების უმეტესობა წაშალა, რის გამოც პროდუქტის გვერდები აღარ იხსნება.
მიუხედავად აპლიკაციის გათიშვისა, Motorola-ს როუტერები კვლავ იყიდება ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიცაა Best Buy და Amazon. ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ ბრენდის მოწყობილობების შეძენისგან, სანამ ტექნიკური პრობლემა სრულად არ მოგვარდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.